„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პანდემიასთან გამკვლავების პროცესში ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ახალი ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც აფასებს პანდემიასთან გამკვლავების პროცესში ხელისუფლების მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.
ანგარიში ასევე მიმოიხილავს იმ საკანონმდებლო ჩარჩოსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რის ფარგლებშიც ხელისუფლების სამივე შტო მოქმედებდა ან უნდა ემოქმედა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ხელისუფლების ქმედებებით თავიდან იქნა აცილებული ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელება.
„გაუმართლებელი იქნება იმის თქმა, რომ ამ შედეგების მიღწევა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ხარჯზე მოახერხა, თუმცა პროცესში გარკვეული ხარვეზებიც იყო.
პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, მნიშვნელოვნად შეიზღუდა საკანონმდებლო ორგანოს როლი და გაიზარდა მთავრობის უფლებამოსილება. მთავრობისადმი მინიჭებული უფლებამოსილებით:
● დადგინდა იზოლაციისა და კარანტინის წესები;
● შეზღუდვების დაწესების გამო გაიზარდა შსს-ს უფლებამოსილება;
● შეჩერდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები;
● დადგინდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის განსხვავებული წესი;
● საგანმანათლებლო და სამუშაო პროცესი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე;
● გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიზღუდა ავტომობილებით გადაადგილება;
● მსუბუქ ავტომობილში აიკრძალა სამ პირზე მეტის მგზავრობა, ამასთან აიკრძალა მძღოლის გვერდზე ჯდომა;
● 21:00-დან 06:00 საათამდე დაწესდა კომენდანტის საათი;
● 70 წელს ზემოთ ასაკის პირებს აეკრძალათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება;
● დახურულ სივრცეებში დადგინდა პირბადეების ტარების ვალდებულება;
● საჯარო სივრცეში თავდაპირველად აიკრძალა 10, ხოლო შემდგომში სამ ადამიანზე მეტის შეკრება;
● გარკვეული პერიოდით, გამონაკლისების გარდა, შეჩერდა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა.
დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ:
● ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ზომები დროულად მიიღო და შეზღუდვები ეტაპობრივად გაამკაცრა. არსებული სიტუაციის შესაბამისად შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა;
● განსაკუთრებულად მკაცრი ზომების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებები კონკრეტული ტერიტორიის მიხედვით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღებოდა;
● ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და შეზღუდვების გამკაცრების ან შერბილების შესახებ ჟურნალისტებისა და საზოგადოების მუდმივი ინფორმირება ხდებოდა;
● ხელისუფლება აქტიურ კონსულტაციებს გადიოდა შესაბამის პროფესიონალებთან;
● ქვეყანაში შიდა გავრცელებას არ ჰქონია მასშტაბური ხასიათი.
უარყოფითად უნდა შეფასდეს ის, რომ:
● საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ზედამხედველობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა;
● აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით ფართო დისკრეციის მინიჭებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები გაიზარდა;
● ხელისუფლების გარკვეული ქმედებები შერჩევით ხასიათს ატარებდა, ხოლო ზოგიერთი შეზღუდვა დაუსაბუთებელი და არაპროპორციული იყო;
● საგანგებო რეჟიმის დარღვევისათვის მკაცრად განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობას არ იძლეოდა და ადეკვატური სანქციის შეფარდებას შეუძლებელს ხდიდა;
● არ არსებობდა პირის საკარანტინო სივრცეში მოთავსების გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმები;
● ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან და უცხოელებთან კომუნიკაციის დროს მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდა;
● საგანგებო მდგომარეობის მიწურულს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში.