ამერიკული აუდიტორული კომპანია Pro V&V - პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა
ამერიკული აუდიტორული კომპანია Pro V&V - პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა

ამერიკული აუდიტორული კომპანია Pro V&V საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. კომპანიამ დამოუკიდებელი აუდიტორული მომსახურება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ჩაატარა.

კომპანია განმარტავს, რომ აუდიტის დასკვნის მიზანია იმ პროცესებისა და პროცედურების დოკუმენტირება, რომლებიც Pro V&V, Inc.-მა განახორციელა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) შესაბამისობის აუდიტორული მომსახურების გაწევისას. Pro V&V-ის ცნობით, აუდიტი
ორიენტირებული იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

ამერიკული აუდიტორული კომპანიის ინფორმაციით, Pro V&V-მ არჩევნებზე დაკვირვების აუდიტი 26 ოქტომბრის არჩევნების პროცესზე დაკვირვების და ელექტრონული არჩევნების სწორად ჩატარების შემოწმების მიზნით ჩაატარა.

ამერიკული კომპანიის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული რვა პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა და მოახდინა მათი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება პირველ ელექტრონულ არჩევნებში. Pro V&V-მ დაადგინა, რომ არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემის პირველად დანერგვისთვის პერსონალი კარგად იყო მომზადებული და სწორად წარმართა პროცესები, რომლებსაც Pro V&V დააკვირდა. ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა, წარმატებით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიში ასევე მოიცავს დამოუკიდებელი აუდიტის მე-2 ეტაპის ანალიზს.

ანგარიშის თანახმად, „პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, მესამე შემოწმებამ აჩვენა „ნული“, რაც ნიშნავს, რომ არცერთი ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ნომერი არ დაფიქსირებულა ერთ ჯერზე მეტად, ანუ დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა“.

„IDMS პანელიდან აღებული შემთხვევითი ნიმუში შედარდა ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზას. ამ მიზნით, IDMS პანელიდან აღებულ იქნა ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ნომერი და ის შემოწმდა ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში. ყველა ასეთი შემოწმების შედეგად დადასტურდა ამომრჩევლის მონაცემის შესაბამისობა. მონაცემთა ბაზაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოღებული ამომრჩევლების საიდენტიფიკაციო ნომრები შეყვანილ იქნა IDMS პანელში. მონაცემთა ბაზაში არსებული ამომრჩევლები IDMS პანელზეც დაფიქსირდა, ხოლო მონაცემთა ბაზაში არარსებული ამომრჩევლები არც IDMS პანელზე დაფიქსირებულა. ამის შემდეგ შემოწმდა პარტიების ამომრჩეველთა სიები. შემოწმების შედეგად დაფიქსირებული ამომრჩეველთა რაოდენობა დაემთხვა პირველი და მეორე შემოწმების შედეგებს“, – ნათქვამია ამერიკული კომპანია Pro V&V-ის ანგარიშში.

ამერიკული კომპანია Pro V&V დასკვნის სახით აქვეყნებს, რომ საიდენტიფიკაციო ნომრის გრაფა წარმოადგენს მთავარ გასაღებს (იდენტიფიკატორს) ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში, მთავარი იდენტიფიკატორი უნიკალურია და მისი დუბლირება ერთსა და იმავე ცხრილში შეუძლებელია.

„ამომრჩეველთა ცხრილების შეფასებისას Pro V&V-ის დასკვნა არის ის, რომ ცხრილებში საიდენტიფიკაციო ნომრების დუბლირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. გარდა ამისა, ჩატარდა საწყისი კოდების შემოწმებები 2023 წელს და მოცემული შეფასების პირველ ეტაპზე. ამ შემოწმების შედეგად გამოვლინდა, თუ როგორ უზრუნველყოფდა ამომრჩევლის იდენტიფიცირების ბლოკი (VIU) კონკრეტული ლოკაციებისთვის მონაცემთა შეგროვებას და როგორ იქმნებოდა ამომრჩეველთა სიები – USB მოწყობილობის ჩართვიდან სიის სრულად დაკომპლექტებამდე. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით და სამი შემოწმების შედეგად საიდენტიფიკაციო ნომრის დუბლირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა მთელ რიგ უბნებზე, ამომრჩევლის იდენტიფიცირების ბლოკში არჩევნებზე დაკვირვების ანგარიში TR-01-03-RGE-EOA-01.01 (VIU) ან ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში“, – ნათქვამია ამერიკული კომპანიის, Pro V&V-ს ანგარიშის დასკვნით ნაწილში.