„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების“ შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების“ შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის შესაძლო კორუფციულ დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი და რომლებზეც შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო რესურსი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ამ დარღვევებს და დავინახოთ მაღალი დონის კორუფციის რეალური მასშტაბი.
ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. ელიტური კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ამ პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე მიუთითებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მთელი რიგი გლობალური რეიტინგების შედეგები და საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები.
პრობლემის არსი გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ კორუფციის ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები. მაგალითისთვის, სუს-ის 2018 წლის (ბოლო) ანგარიშიდან ჩანს, რომ უწყება ძირითადად დაბალი დონის შემთხვევებზე რეაგირებს – ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სუს-მა დააკავა, მერი და ყოფილი გუბერნატორი იყვნენ. რეაგირების გარეშე რჩება ისეთი შემთხვევებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პერიოდულად პირდაპირ აწვდის საგამოძიებო ორგანოებს.
ამ პრობლემის დაძლევის რეალური გზა ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი რესურსებითა და უფლებამოსილებით, რათა გამოიძიოს ხელისუფლების მაღალ დონეზე მომხდარი კორუფციის შემთხვევები. 2020 წლის აგვისტოში პარლამენტში დარეგისტრირდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აქტიური ჩართულობით მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას და საქართველოში დაიწყება რეალური ბრძოლა ე.წ. ელიტურ კორუფციასთან.
მანამდე კი, ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოს სახით გთავაზობთ მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების განახლებად კატალოგს, რომელშიც შევა ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გამოძიების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. რადგან საგამოძიებო უწყებები მედიაში გავრცელებულ შემთხვევებზე იშვიათად რეაგირებენ, ვთვლით, რომ ეს განახლებადი ბლოგი კარგი საშუალება იქნება მათთვისაც, მიიღონ ერთ ადგილას თავმოყრილი ინფორმაცია ქვეყანაში შესაძლო კორუფციული შემთხვევების შესახებ“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციაში.