საერთაშორისო აუდიტის დადებითი დასკვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგებაზე
საერთაშორისო აუდიტის დადებითი დასკვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგებაზე

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, შპს „მოორ ეიბისიმ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დადებითი დასკვნა მოამზადა.

პროცესი მოიცავდა ფინანსური ანგარიშგებების, სახელმწიფო შესყიდვებისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტს. აუდიტორულმა კომპანიამ ყველა ამ მიმართულებით დადებითი დასკვნა მოამზადა, დარღვევა ან კანონმდებლობასთან შეუსაბამობა არცერთი მიმართულებით არ გამოვლენილა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო აუდიტს ყოველი წლის ბოლოს გადის, რაც ჩვენი ორგანიზაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი კომპონენტია. წლევანდელი აუდიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორგანიზაციამ, თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა, ააშენა ახალი შენობა და, უწყვეტი მაუწყებლობის შენარჩუნებით, ახალ მისამართზე გადასვლას იწყებს, რაც რთული და კომპლექსური პროცესია. შესაბამისად, ამ პერიოდში საერთაშორისო აუდიტის უპირობოდ დადებითი დასკვნა ნიშნავს, რომ მაუწყებელმა აღნიშნული პროცესი წარმატებით გაიარა“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტის დასკვნა პარლამენტს ეგზავნება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მაუწყებლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად განიხილავს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სამეურვეო საბჭოს მიერ შერჩეული, საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის მიერ ყოველწლიურად მოწმდება.