საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები ხვალიდან ამოქმედდება.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი გასული წლის მაისში დაამტკიცა, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილის ამოქმედების თარიღად 2018 წლის პირველი მაისი განისაზღვრა, ხოლო მეორე ნაწილი ძალაში 2020 წლიდან შევა.
კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.
კონკრეტულად, თამბაქოს მოწევა იკრძალება:
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა;
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. აგრეთვე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
სტადიონზე, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს, ამასთან, კანონში გათვალისწინებულია დათქმა, რომ სტადიონზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია 2020 წლის პირველ იანვრამდე.
თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში:
ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილზე, თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ამ საცხოვრებელ ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრობს და აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის;
თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
პენიტენციურ დაწესებულებაში;
წინასწარი დაკავების იზოლატორში;
სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან;
აეროპორტის სატრანზიტო ზონაში. კერძოდ, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც აქვს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ ხვდება და რომელშიც არ ხდება საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება;
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარსა და სამორინეში.
ზემოაღნიშნულის გარდა, 2020 წლის პირველ იანვრამდე თამბაქოს მოწევა დასაშვებია სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით, სასტუმროში მოსაწევი ნომრები უნდა გამოიყოს, რომლის შესახებ ინფორმაცია სასტუმროში თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას საკანონმდებლო რეგულაციების აღსრულებაზე კანონმდებლობით, დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს შენობა-ნაგებობაში ან მის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა და შეზღუდვა, ასევე არ დაუშვას, თამბაქოს მოხმარების შედეგად კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა და ჩილიმის განთავსება.
ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია, შესაბამის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები შეასრულოს და წესების შეუსრულებლობის ფაქტები აღკვეთოს.