„ბრითიშ ამერიქან თობაქო“ რუსეთის ბაზარს ტოვებს
„ბრითიშ ამერიქან თობაქო“ რუსეთის ბაზარს ტოვებს

„ბრითიშ ამერიქან თობაქომ“ რუსეთის ბაზარი დატოვა, „იუთუბმა“ კი, რუსეთის სახელმწიფო არხებზე წვდომა დაბლოკა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბრითიშ ამერიქან თობაქო“ მსოფლიოში თამბაქოს ნაწარმის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და სიგარეტის ისეთ ცნობილ ბრენდებს აწარმოებს, როგორიცაა „დანჰილი“, „ქემელი“, „კენტი“, „ლაქი სთრაიქი“, „როთმანსი“ და სხვა.

„იუთუბში“ განაცხადეს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის სახელმწიფო არხებზე წვდომას ბლოკავენ. კომპანია ამას საკუთარი პოლიტიკით ხსნის, რომლის მიხედვით, აკრძალულია ისეთი კონტენტის გავრცელება, რომელშიც უარყოფილია ფართოდ დოკუმენტირებული ძალადობის ფაქტები.

ამასთან, მედიის ცნობით, რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავს „დოიჩე ბანკიც“. ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ბანკის განცხადებით, ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის მსგავსად, ბანკი რუსეთში დარჩენილი ბიზნესის შეწყვეტის პროცესშია.

„ახალი ბიზნესი რუსეთში არ გვექნება“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.