ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „საბურთალომ“” მორიგი გამარჯვება მოიპოვა – გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-11 ტურში ფოთის „კოლხეთი“ დიდი ანგარიშით დაამარცხეს.
თბილისელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და 31-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ – თავი ბექა გვარაძემ და თორნიკე გორგიაშვილმა გამოიჩინეს: მათ თითო გოლი და თითო საგოლე გადაცემა ჩაიწერეს აქტივში.
მეორე ნახევარში „საბურთალოს“ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და მეტოქის კარი მათ სამჯერ აიღეს – თავი ვაგნერ გონსალვესმა (48) და დიმიტრი ტატანაშვილმა (80) გამოიჩინეს, ხოლო ფოთელმა თორნიკე ჯიმშელეიშვილმა ბურთი საკუთარ კარში (64) ჩაჭრა.
საბოლოოდ, „საბურთალომ“ 5:0 მოიგო, 11 ტურში 27 ქულა დააგროვა და თბილისის „დინამო“ კვირას „ლოკომოტივთან“ მოგების შემთხვევაშიც ვერ დაეწევა.
ტურის დარჩენილი მატჩები ხვალ და ზეგ გაიმართება. შაბათს, 12 მაისს, ბოლნისის „სიონი“ „მიხეილ მესხი 2“-ზე „სამტრედიას“ უმასპინძლებს, საჩხერის „ჩიხურა“ ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე – გორის „დილას“, ხოლო ქუთაისის „რამაზ შენგელიაზე“ „ტორპედო“ – „რუსთავს“.
ტური თბილისური მატჩით დასრულდება: „დინამო-არენაზე“ „დინამო თბილისი“ „ლოკომოტივს“ მიიღებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.