„საბურთალოს“ პრეზიდენტი - ჩვენი კლუბი ამიერიდან „იბერია 1999“-ის სახელით ითამაშებს #1TVSPORT
„საბურთალოს“ პრეზიდენტი - ჩვენი კლუბი ამიერიდან „იბერია 1999“-ის სახელით ითამაშებს #1TVSPORT

„საბურთალოს“ სახელი გადაერქმევა და „იბერია 1999“ დაერქმევა, – ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ განაცხადა.

„როდესაც „საბურთალო“ დაფუძნდა, გვინდოდა უბნის გუნდი ყოფილიყო. ორი კონკრეტული ლოკაცია გვქონდა შერჩეული, სპონსორიც გვყავდა და რამდენიმეათასიანი სტადიონი და ბაზა უნდა აგვეშენებინა. სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა.

ფაქტობრივად, დღეს საბურთალოზე მხოლოდ ერთი ლოკაცია გვაქვს – „ბენდელას“ სტადიონი, რომელიც დიდი ბრძოლით შევინარჩუნეთ, რადგან იქ კომერციული პროექტების განხორციელება უნდოდათ, მაგრამ დღემდე მხოლოდ სპორტული დატვირთვით ვამუშავებთ.

საბურთალომ “ თავისი მისია შეასრულა, მაგრამ კლუბი უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურით და უბნის პროექტი ეროვნული მიმართულებით განვითარდეს. მარკეტინგულადაც დავინახეთ, რომ ევროპულ ბაზარზე „იბერია“ უფრო ჟღერს. არც ის გვინდა, რომ გულშემატკივარი მხოლოდ ერთი უბნის კუთვნილების გამო შევზღუდოთ.

ერთადერთი შეფერხებაა, რომ „დინამოს“ ადრე ერქვა „იბერია“ და ახლა მეოთხე ლიგის კლუბია „იბერია 2010“. აღრევა რომ არ მოხდეს, რადგან „საბურთალოს“ სამართალმემკვიდრეა, ეს იქნება „იბერია 1999“. ევროპაშიც იყო სახელის შეცვლის პრეცედენტი და გამონაკლისები არ ვართ.

სახელის გადარქმევაზე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა იმსჯელა და თუ დადებითი პასუხი იქნება, ახალ ჩემპიონატში უკვე „იბერია 1999“-ის სახელით ვითამაშებთ და ევროთასზეც ამ სახელით გამოვალთ, ხოლო ჩვენი საშინაო სტადიონი „პეტრო არენა“ იქნება“, – განაცხადა „საბურთალოს“ პრეზიდენტმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“.