საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა
საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ავარიის ადგილას ამ დრომდე გრძელდება. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ, დამწვარ ვაგონებში დაღუპულები იპოვონ.

შეგახსენებთ, ავარია საბერძნეთში 28 თებერვალს მოხდა. სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს დაეჯახა. შედეგად გაჩნდა ძლიერი ხანძარი.

სარკინიგზო ავარიის გამო თანამდებობა უკვე დატოვა საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა. მთავრობამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დეტალურად გამოძიების პირობა დადო.

მომხდარის შემდეგ საბერძნეთის რკინიგზაში დასაქმებულებმა გაფიცვა მოაწყვეს. ისინი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. გაფიცვის გამო ქვეყენაში დროებით შეწყვეტილი იყო სარკინიგზო მიმოსვლა. არ მუშაობდა ათენის მეტრო.