საბერძნეთში საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა, მეორეს ამ დრომდე ეძებენ
საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ოჯახი ვერ პოულობდა, გადარჩენილია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.
„დილის მერე ცხელ ხაზზე დამატებითი შეტყობინება დაზარალებულების შესახებ არ ყოფილა. იმ ორი ადამიანიდან, რომლებსაც ვეძებდით, ერთი განსაკუთრებული რისკის არეალში იყო, პრაქტიკულად ხანძრის ეპიცენტრში. მოვძებნეთ და ეს ქალბატონი არის ოჯახთან ერთად, უსაფრთხოდ. მეორე ადამიანს ვეძებთ,ასევე ველით საბერძნეთის შსს-ს ინფორმაციას გარდაცვლილებისა და ჰოსპიტალიზებულების შესახებ. იმედი გვაქვს, მათ შორის საქართველოს მოქალაქე არ იქნება”,-განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, კრიზისი საბერძნეთში უახლოეს მომავალში დაიძლევა.
„ ხანძრის ჩაქრობა პროგრესირებს, ტემპერატურაც და ბუნებრივი პირობებიც ხელს უწყობს. იმედი გვაქვს, კრიზისი დაიძლევა უახლოეს მომავალში”,- განუცხადა პირველ არხს საბერძნეთში საქართველოს ელჩმა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს მეორე მოქალაქე, რომელსაც ამ წუთებში ეძებენ, ბოლოს იმ არეალში დაფიქსირდა, სადაც ნაკლები საფრთხეა. პერსონალური მონაცემების გამჟღავნების უფლებამოსილება არ მაქვს, გიდასტურებთ, რომ იმ ორი ადამიანიდან, რომელსაც ვეძებდით, ერთ-ერთი მოძებნილია და ოჯახშია. მეორე ადამიანი კი ბოლოს იმ რეგიონში ნახეს, სადაც მსხვერპლი ფაქტიურად არ ყოფილა და ამიტომ, იმედიანად ვართ. ამ ადამიანის ოჯახთან მუდმივ ვართ კავშირზე ვიმყოფებით“,-განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობამ 60- ს გადააჭარბა, ასობით ადამიანი დაშავებულია. საქართველოს საელჩო ათენში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.