საბერძნეთში, სამოსის კუნძულზე არსებულ მიგრანტთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა
საბერძნეთში, სამოსის კუნძულზე არსებულ მიგრანტთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეების თქმით, ცეცხლი, რომელიც ბანაკის მახლობლად, ტყეში გაჩნდა, ლოკალიზებულია და ბანაკისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. სამოსის კუნძულზე არსებულ ბანაკში 4,7 ათასი მიგრანტი ცხოვრობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილობრივი პოლიციის თქმით, მომხდართან დაკავშირებით წამოწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია სამი მიგრანტი.
გასულ კვირას ხანძარი კუნძულ ლესბოსზე არსებულ მიგრანტთა ბანაკშიც გაჩნდა. მორიას ბანაკში 13,000-მდე მიგრანტი ცხოვრობს. ბანაკის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა მიგრანტები ბანაკის საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ და ევროპის მასშტაბით გადაადგილების უფლებას ითხოვენ.