საბერძნეთში საქართველოს ორივე მოქალაქე, რომელთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, უსაფრთხო ადგილზე იმყოფება
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ნაპოვნია კიდევ ერთი მოქალაქე, რომელთანაც დაკავშირებაც ხანძრის გამო ვერ ხერხდებოდა. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის უსაფრთხო ადგილზე, ახლობლებთან იმყოფება.
ცოტა ხნის წინ, საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა, რომ იპოვეს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ოჯახი ვერ პოულობდა. სულ საქართველოს ორ მოქალაქესთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება.
საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა, ასობით ადამიანი დაშავებულია.
საქართველოს საელჩო ათენში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.