საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა [ფოტო/ვიდეო]
საბერძნეთში, ათენის სიახლოვეს, ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
მანამდე ბერძნული მედიაკომპანია ERT-მა 24 დაღუპულისა და 69 დაშავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ კიდევ 26 ადამიანის ცხედარი მაშველებმა ქალაქ რაფინის სიახლოვეს აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის მერის მოადგილე ადასტურებს.
საბერძნეთში ბოლო რამდენიმე დღეა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. გუშინ ათენის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე დასახლებასთან ხანძრის რამდენიმე კერა ერთდროულად გაჩნდა. ცეცხლის გავრცელებას მშრალმა ამინდმა და ქარმა შეუწყო ხელი.
საბერძნეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას უკვე მიმართა და ხანძართან საბრძოლველად დახმარება სთხოვა.