საბავშვო-გასართობი ცენტრები და თეატრები დღეიდან მუშაობას განაახლებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ფუნქციონირებას განაახლებენ თეატრები, ასევე საბავშვო გასართობი ცენტრები, რომელთა მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია და დადგენილია სპეციალური პროტოკოლები, თუ როგორ უნდა წარიმართოს უსაფრთხოდ იქ არსებული ნებისმიერი აქტივობა, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
„ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს გარკვეულ ლიმიტებზე, წესებზე, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. შესაბამისი წესების დაცვით, თეატრებში პირბადის ტარება ღონისძიების დროს არის სავალდებულო. საბავშვო-გასართობ ცენტრებში შესაბამისი დეზინფექცია, სკრინინგი და ასევე ზედა ზღვარი, მიუხედავად კვადრატულობისა, არის დაწესებული და ეს არის არაუმეტეს 40 სტუმრისა, რომელიც თავიდან აგვაცილებს ვირუსის არსებობის შემთხვევაში ფართო მასშტაბიან კლასტერებს“,- განაცხადა ფერაძემ.
მისვე თქმით, ძალიან ბევრმა ობიექტმა გაითავისა ის რეკომენდაციები, რომლებიც მათ მიმართ დადგენილი იყო.
„დაახლოებით 70 ათასამდე ცნობიერების ამაღლების კამპანია განვახორციელეთ ასეთი ობიექტების მიმართ, ინდივიდუალურად. ჩვენ ყოველკვირეულად ვხვდებით ბიზნესს და ვესაუბრებით იმ საჭიროებაზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული ბიზნესები, რომლებიც მოდუნდნენ ამ მიმართულებით და რეკომენდაციების დაცვის თვალსაზრისით მათ კვლავ სჭირდებათ შეხსენება, თუმცა დიდი ნაწილი ობიექტებისა ჯეროვნად ასრულებს მოვალეობას. ბოლო საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ დავალება, რომ გავამკაცროთ მონიტორინგი და ეს პროცესი შსს-სთან ერთად იქნება კვლავ ყოველდღიურ რეჟიმში გადამოწმებული“,- აღნიშნა ბექა ფერაძემ.