საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა Junioreurovision.tv-ზე დღეს იწყება. ვებგვერდზე ხმის მიცემის გრაფის ნახვის შემდეგ, მოუსმინეთ ცხრამეტივე კონკურსანტს და ხმა მიეცით მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ხუთ კონკურსანტს.
რაც მთავარია, ხმის მიცემა საქართველოსთვისაც შეგიძლიათ. მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობთ. ონლაინ ხმის მიცემა გაგრძელდება 24 ნოემბერს კონკურსის დაწყებამდე და 15 წუთით განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი იმღერებს.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, გიორგი როსტიაშვილის საკონკურსო სიმღერის ავტორი დავით ევგენიძეა. „გვინდა, გვიყვარდეს“ (We need Love) – ამ სახელწოდებით სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ.
საბავშვო ევროფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.