საბა ბუაძე - საგამოძიებო კომისია ოპოზიციის მისამართით გადმოგდებული სატყუარაა, რომელიც პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას არ ემსახურება
საგამოძიებო კომისია არის ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მისამართით გადმოგდებული სატყუარა, რომელიც პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას არ ემსახურება. პირიქით, მიზნად ისახავს ოპოზოციაში განხეთქილებისა და გაუგებრობის შემოტანას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი კომისია ლეგიტიმური ვერ იქნება, ვიდრე თავად პარლამენტი არ გახდება ლეგიტიმური. როგორც ბუაძე ამბობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფართო პოლიტიკური შეთანხმება უნდა შედგეს, რაც თავის მხრივ, ეროვნულ შერიგებას შეუწყობს ხელს.
საბა ბუაძის განმარტებით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ პროცესი საპარლამენტო ჩარჩოებში მოექცეს.
„ასეთი კომისია ვერ იქნება ლეგიტიმური, ვიდრე პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური. ხოლო ერთპარტიული მმართველობის პირობებში პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება. უნდა შედგეს ფართო პოლიტიკური კონსესუსი, შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც პოლიტიკურ პროცეს გააჯანსაღებს და ეროვნულ შერიგებას შეუწყობს ხელს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ პროცესი მოექცეს საპარლამენტო ჩარჩოებში, ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და მუშაობა გაგრძელდეს. ამისთვის არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ახალი არჩევნების საკითხის გარკვევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საბაბუაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ პარტია „მოქალაქეებთან“ გაფორმებულ მემორანდუმს, ამასთან დაკავშირებით ბუაძემ განაცხადა, რომ ახალი არჩევნების საკითხზე შეთანხმების გარეშე, ნებისმიერი მემორანდუმი დროის გაწელვა და ყურადღების გადატანა იქნება.
„რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ერთი და ორი კაცის მიერ პოლიტიკურ პარტნიორ „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული მემორანდუმი ოპოზიციის დღის წესრიგზე ვერ იმოქმედებს. ჩვენ კომენტარებს ვაკეთებთ სერიოზულ საკითხებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელზეც მთელი ოპოზიცია შეთანხმებულია. ერთი და ორი თავზეხელაღებული ადამიანი რას გააკეთებს პარლამენტში, ამას მნიშვნელობა არ აქვს და არც საზოგადოების ინტერესი არაა ეს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს მოთხოვნების პაკეტი ერთობლიობაში იყოს დაკმაყოფილებული და ამისი მთავარი ყინულმჭრელი არის შეთანხმება ახალი არჩევნების საკითხზე. ახალი არჩევნების საკითხზე შეთანხმების გარეშე, ნებისმიერი ასეთი მემორანდუმი იქნება უბრალოდ დროის გაწელვა და ყურადღების გადატანა“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.