სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომების დახურვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ განმარტა, რომ სხდომებზე მოხდება მტკიცებულებების შეფასება, რომლებიც შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს. ნათია ბარბაქაძემ ასევე აღნიშნა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელს სხდომაზე დასწრების უფლება ექნება.
„საქმეში წარმოდგენილია ვრცელი საჩივრები და დართულია მტკიცებულებები. საქმეში არის ჩვენებები და ეს მტკიცებულებები პირადი ცხოვრების სფეროს მიეკუთვნება. მტკიცებულებებში პერსონალური მონაცემებია. მათი დიდი ნაწილი სასულიერო პირებს ეხება. სააპელაციოში საქმის განხილვის თავისებურებები არსებობს. პალატა ბრალდების მხარის გარკვეულ მოსაზრებებს არ ეთანხმება, თუმცა პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, შუამდგომლობას სხდომის დახურვაზე ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა მოსამართლემ.
სხდომების დახურვის შუამდგომლობა სასამართლოში ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც კამათი მოჰყვა. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დაიწყო. სასამართლო განიხილავს როგორც დაცვის მხარის, ასევე პროკურატურის შუამდგომლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ნათია ბარბაქაძეა.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა კი, ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდა, ანგარების მოტივით ბრალდებული დეკანოზი საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში.
ე.წ ციანიდის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში თითქმის 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზ გიორგი მამალაძის მკვლელობის მომზადების მუხლით ბრალი 2017 წლის თებერვალში წაუყენეს. მოგვიანებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიების ინფორმაციით მას ბრალად ედებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. თითქმის 9 თვიანი სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურული იყო. დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლები, მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირები და ის ადამიანები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზის დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზს 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.