ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომის დახურვის შუამდგომლობას კამათი მოჰყვა [ვიდეო]

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ სხდომის დახურვის შესახებ დაყენებულ შუამდგომლობას კამათი მოჰყვა.

მოსამართლე ბრალდების მხარის შუამდგომლობის შესახებ დაცვის მხარის პოზიციით დაინტერესდა, რა დროსაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სიტყვა ითხოვა.

დეკანოზის განცხადების შინაარსმა პროკურატურის პროტესტი გამოიწვია. ბრალდების მხარის თქმით, გიორგი მამალაძე საკუთარ გამოსვლაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს შეეხო.

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მისგან მოკლე პასუხს ითხოვდა საქმის დახურვის შუამდგომლობის შესახებ, ხოლო საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საუბრის საშუალება მას მოგვიანებით მიეცემოდა.

დეკანოზმა და დაცვის მხარემ განაცხადეს, რომ სიტყვა, რომელსაც ბრალდებული წარმოთქვამდა, სწორედ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მის პოზიციას წარმოადგენდა.

დატოვე კომენტარი