დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას.

გიორგი მამალაძემ სიტყვის წაკითხვა მადლობის გადახდით დაიწყო და აღნიშნა, რომ ოჯახს, ადვოკატებს და ჟურნალისტებს მადლობას უხდის.

“მადლობა ყველა გუშლამატკივარს, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს და ადვოკატებს, მადლობა ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც მიუკერძოებლად ცდილობენ საზოგადოებას შეძლებისდაგვარად მიაწოდონ ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებულ კითხვებზე პასუხები. მადლიერებას გამოვხატავ სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიმართ. არ შემიძლია, ჩემი გულისტკივილი არ გამოვხატო ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებებზე. საქმის შესწავლისას ნახავთ დაკითხულ 100-ზე მეტ მოწმეს, სადაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ვინმეს მკვლელობას ვგეგმავდი და არც მტკიცებულება არსებობს ამის. თვით საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ არაა დარწმუნებული მზადდებოდა თუ არა დანაშაული. ის უბრალოდ ვარაუდობს ამას. ვიღაცის ვარაუდებზე ასეთი მძიმე ბრალი გაგონილა. ბრალდება ამტკიცებს, რომ მე მქონდა ციანიდი, რომელიც თითქოსდა ჩემს ჩანთაში აღმოაჩინეს, ეს სიცრუეა, რადგან მე ეს ავადასახსენებელი ნივთიერება არ მქონია, მე არ უარვყოფ, რომ ამ ნივთიერებით ვიყავი დაინტერესებული, რადგან ის შორენა თეთრუაშვილმა მთხოვა. სამწუხაროა, რომ მან ეს ფაქტი უარყო”, – აღნიშნა დეკანოზმა.

მოსამართლემ დეკანოზს სთხოვა, რომ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოკლე პასუხი გაეცა და მიმართვის წაკითხვისთვის სხვა დრო მიეცემოდა, რაზეც გიორგი მამალაძემ უთხრა, რომ მისი უფლებები იზღუდება.

მოსამართლემ დეკანოზს მოუწოდა, ფაქტობრივ გარემოებებზე არ ესაუბრა.

“ჩემი ადვოკატების თანდასწრებით მთხოვდნენ, მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება, მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილის მონაწილეობის დასახელებას. სანაცვლოდ თავისუფლებას მპირდებოდნენ. პროკურატურის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს შორის სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. თავდასხმა მოხდა ჩემ ძმაზე, ემუქრებოდნენ გიორგი ფანცულაიას, ემუქრებოდნენ მოწმე ირაკლი ფირცხალავას. ჩემი ადვოკატები დახურული სხდომის საქმეზე დაიბარეს დაკითხვაზე. რეალურად, მოსამართლე ბუგიანიშვილმა სხვა საქმის პროკურორს გადასცა ეს მასალა. 7 თვის მანძილზე აკრძალული მქონდა ოჯახთან კომუნიკაცია. დღემდე არ მაქვს შესაძლებლობა შევიმოსო ჩემი რელიგიური შესამოსელით”, – განაცხადა დეკანოზმა.