სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოებები, რომლებიც საქმეში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოვლინდა.
„ახალი, უტყუარი გარემოება დევს საქმეში, რომ იულია სუსლიაკს არც ერთი ბავშვი არ გაუყიდია და არ უყიდია. ეს დადასტურებულია ბიოლოგიური ექსპერტიზით, დამტკიცებულია უკრაინის შს სამინისტროდან მოსული მასალებით და შესაბამისი დოკუმენტების დედნებით. ეს არ გაითვალისწინა მოსამართლემ და თქვა, რომ არ არის ახალი გარემოება. შეიძლება, ითქვას, რომ იულია სუსლიაკს არ ეძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლება ამ ქვეყანაში. საქმე არის შეთითხნილი. სასამართლო ხელისუფლებას არ უნდა, აღიაროს, რომ პროკურატურის თანამშრომლებმა თავის დროზე ჩაიდინეს დანაშაული“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა. 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა.