სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სავარაუდოდ, 22 დეკემბერს ჩანიშნული სხდომის გადადებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სავარაუდოდ, 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული სხდომის გადადებას მოითხოვს.
სოფიო გოგლიჩიძის განმარტებით, მას სასამართლომ უკვე მიაწოდა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, 30-მდე დისკი, დაკითხვის ოქმები და დოკუმენტები, თუმცა იმის გამო, რომ მტკიცებულებებს ახლა ეცნობა, შესაძლოა დასკვნითი სიტყვის მომზადება ვერ მოასწროს.
სახელმწიფოს მიერ დანიშნული საზოგადოებრივი დამცველი აცხადებს, რომ მცდელობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირება და პოზიციის შეთანხმება ვერ მოახერხა. სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მიხეილ სააკაშვილმა 13 დეკემბერს სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და დაქირავებული ადვოკატების აცილება მოითხოვა. სახაზინო ადვოკატმა კი საქმის გაცნობისთვის ერთთვიანი ვადა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მას დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად ერთი კვირა მისცა.
საუბარია სანდრო გირგვლიანის ეპიზოდზე, სადაც გამოძიება მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულების შეწყალებისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
განხილვა დასკვნით ეტაპზეა და ადვოკატის შემაჯამებელი სიტყვის შემდეგ, შესაძლოა, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდეს.