სააღმზრდელო პროცესი ცვლებში, აღმზრდელთა რაოდენობის გაზრდა, ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის შემცირება - იუნისეფმა საბავშვო ბაღებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
სააღმზრდელო პროცესი ცვლებში, აღმზრდელთა რაოდენობის გაზრდა, ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის შემცირება - იუნისეფმა საბავშვო ბაღებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

იუნისეფ-მა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მუშაობის განახლებისთვის „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების სტანდარტები მოამზადა. ჯერჯერობით აღნიშნულ დოკუმენტს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და განათლების სამინისტროსა და ბაღების მართვის სტრუქტურებთან მათზე მსჯელობა მიმდინარეობს.

რეკომენდაციებში, რომელიც საქართველოს პირველ არხს იუნისეფ-მა მიაწოდა, აღნიშნულია, რომ ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არსებითია, მაგრამ სკოლამდელი განათლების დაწესებულებები არ უნდა დაემსგავსოს საავადმყოფოებს.

„წარსული თვეები შემაშფოთებელი იყო ბავშვებისთვის. ყველაზე მეტად ბავშვებს სჭირდებათ უსაფრთხოება, ხალისიანი და წამახალისებელი გარემო“, – აღნიშნულია რეკომენდაციებში და მითითებულია, რომ ბავშვებს შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფა ხელს არ უნდა უშლიდეს სოციალურ ჩართულობას, გამოცდილებით სწავლას, თამაშს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ხელების დაბანის ეფექტურად დემონსტრირება და დღის განმავლობაში დროის გამოყოფა ბავშვებისთვის ამ უნარების გამომუშავების გასავარჯიშებლად.

„გაწმინდეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ისეთ ზედაპირებს, რომელსაც ხშირად ეხებიან, როგორიცაა – კარის სახელურები, მაგიდები, სათამაშოები, აღჭურვილობა, შუქის ჩამრთველები, კარის ჩარჩო, სათამაშო დანადგარები, სასწავლო მასალები, რომელსაც ბავშვები იყენებენ.

თანამშრომლები შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ატარებდნენ ნიღბებს სკოლამდელ დაწესებულებაში. ნიღბების ტარება ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული; ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია ჩვილ და ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქსოვილის სახის ნიღბის ტარება, რადგან არსებობს გაგუდვის საფრთხე. შეიმუშავეთ ხელების დაბანის აღრიცხვის სქემა და წაახალისეთ ბავშვები ხელების ხშირად და დროულად დაბანისთვის, ხელების დაბანის დროს იმღერეთ, რათა რეკომენდებულ 20 წამს შეადგენდეს ხელების დაბანის ხანგრძლივობა,“ – ნათქვამია რეკომენდაციებში.

რეკომენდაციების თანახმად, საკვების მიწოდება შეიძლება სასადილო სივრცეში ან უფრო დიდ სივრცეებში, მაგალითად დარბაზში, ბიბლიოთეკაში.

უსაფრთხო დისტანცია ბავშვებს შორის დაცული უნდა იყოს საკვების მიღების დროს რიგში დგომისას; რამდენადაც შესაძლებელია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვების ერთი და იმავე ჯგუფის ერთად კვება.

„შეახსენეთ ბავშვებს, არ შეეხონ ერთმანეთის ან სხვების საკვებს, არ  დალიონ ერთმანეთის სასმელი ან გაცვალონ დანა-ჩანგალი, საკვები და ა.შ,“ – ნათქვამია რეკომენდაციებში.

დოკუმენტის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იყოს ბაღების ცვლებში ამუშავების შესაძლებლობა, რათა ჯგუფში ბავშვების რაოდენობა  შემცირდეს. კერძოდ, ბავშვების ნაწილი ბაღში შეიძლება, იყოს დილის საათებში, მეორე ნაწილი კი, შუადღის შემდეგ. შედეგად, გათვალისწინებული უნდა იყოს აღმზრდელების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა.

„ბავშვებთან და აღმზრდელებთან იმსჯელეთ უკონტაქტო მისალმების ფორმებზე. მისალმების ეს ფორმა ბავშვზე მორგებული და სახალისო უნდა იყოს, მაგალითად, მისალმება ჟესტების ენაზე ან მშვიდობის ნიშნით (თითებით), ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ასე შემდეგ,“ -ნათქვამია იუნისეფ-ის რეკომენდაციებში.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროცესს, იუნისეფ-ი ბაღების ხელმძღვანელებს ურჩევს, აქტივობები ღია ცის ქვეშ დაგეგმონ, თუ ამინდი ამის საშუალებას იძლევა. ასევე, ბავშვები დაყონ მცირე ჯგუფებად.

„მოაწყვეთ ინდივიდუალური კომფორტული ადგილი თითოეული ბავშვისთვის მარკერებით, მაკრატლით, სახატავი ფანქრებით ისე, რომ თითოეულმა ბავშვმა გამოიყენოს დამოუკიდებლად და წაახალისეთ მათში შემოქმედებითი საქმიანობა, ხელოვნება ისე, რომ არ მოხდეს ნივთების გაზიარება,“ – ნათქვამია იუნისეფ-ის რეკომენდაციებში.

გარდა ამისა, ორგანიზაციის რეკომენდაციაა, შემუშავდეს ბავშვების დატოვების და წაყვანის როტაციის სისტემა ან აღმზრდელები გამოვიდნენ შენობის გარეთ და დახვდნენ ბავშვებს მოსვლის დროს.

რეკომენდაციებს შორისაა ასევე ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და საგანმანათლებლო პერსონალის გადამზადება ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაში.

ამასთან, სკოლამდელი და ადრეული განათლებისა და აღზრდის დაწესებულებები არ უნდა გაიხსნას, სანამ თანამშრომლები პირველად ტრენინგს არ გაივლიან.