დღეიდან ქალაქი რუსთავი კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. პანდემიიდან გამომდინარე, ყველა რეგულაციის გათვალისწინებით წარმოდგენები თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.
სპეციალურად კომედიის ფესტივალისა და რუსთაველი მაყურებლისთვის, თეატრის ეზოში გარე თეატრალური სივრცე მოეწყო. ფესტივალში მონაწილეობას ექვსი თეატრი მიიღებს. ტრადიციულად, ფესტივალი მარჯანიშვილის თეატრმა გახსნა. ფესტივალის რეპერტუარი, სათაურიდან გამომდინარე, გულისხმობს კომედიური ჟანრის სპექტაკლების თავმოყრას.
დაარსებიდან ამ დრომდე, ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო.
რუსთაველ მაყურებელს ექვსი თეატრალური საღამო ელოდება. დღეს სცენაზე წარმოდგენილია მარჯანიშვილის თეატრის „მკაცრი ქალიშვილები“ (რეჟ. გოგი ქავთარაძე). მომდევნო დღეების საფესტივალო პროგრამა ასეთია: 14 ოქტომბერი, 19:00 სთ – მესხეთის თეატრი „მათრობს და მხიბლავს“ – რეჟ.კახა გოგიძე; 15 ოქტომბერი, 19:00 სთ – ლვოვის აკადემიური თეატრის „ვოსკრესენიას“ სპექტაკლის ვიდეოჩვენება – „მატარებელი ლვოვიდან“, რეჟ. იაროსლავ ფედორეშინი; 16 ოქტომბერი, 19:00 სთ – ქუთაისის თეატრი „ჭკუისა მჭირს“, რეჟ. გიგი ლორია; 17 ოქტომბერი – 19:00 სთ – რუსთავის თეატრი „შექსპირბადე“, რეჟ. სოსო ნემსაძე; 18 ოქტომბერი, 19:00 სთ – მოზარდ მაყურებელთა თეატრი „ორთა ბოდვა“, რეჟ. კოკო როინიშვილი.
ფესტივალი იმართება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით. მხარდამჭერები არიან რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და რუსთავის თეატრი.