დღეიდან, რუსთავში „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფები ივლიან და ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამათბობლების შემოწმებას დაიწყებენ.
შემოწმდება, რამდენად სწორად არის დამონტაჟებული გამათბობელი და უქმნის თუ არა ის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს. პრევენციული ღონისძიებები დღეს რუსთავის მერიაში დაიგეგმა, სადაც ახლად არჩეულ მერს ირაკლი ტაბაღუას „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. არასწორად დამონტაჟებული დანადგარი დაილუქება და მოსახლეს გამოსწორებისთვის შესაბამისი ვადა მიეცემა.
ღონისძიებების გატარების აუცილებლობა გასული სეზონის შემაშფოთებელმა სტატისტიკამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ნახშირჟანგით მოწამვლის 120 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11 ფატალურად დასრულდა.