ნინო ლაცაბიძე - „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიცია, უფრო დაჯგუფება, აფერხებს რუსთავისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, რის გამოც სასამართლოს მივმართეთ 
ნინო ლაცაბიძე - „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიცია, უფრო დაჯგუფება, აფერხებს რუსთავისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, რის გამოც სასამართლოს მივმართეთ 

რუსთავის მერიამ ქალაქის საკრებულოს უმრავლესობას, რომელიც ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო მუშობას შეუდგა, რუსთავის მერია ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პარალელურად, სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოყვანა შეძლოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს. რუსთაველები დღეს კარგად ხედავენ ქალაქში მიმდინარე პროცესებს და 2024 წელი, პრემიერის, მთავრობისა და საპარლამენტო გუნდით, იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა და რეფორმების მიმართულებით. ამ ფონზე არის საშიშროება, რომ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს გადაყოლილი, ფუნქციადაკარგული საკრებულო სერიოზულ ზიანს მოუტანს ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე თქმით, რუსთავის მერიის არაერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

„რუსთავის მერიის არაერთი მცდელობა, საჯარო მიმართვა, წერილობითი მოთხოვნა ამაო აღმოჩნდა პოლიტიკური დაჯგუფების მიმართ. რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ კოალიცია, უფრო დაჯგუფებას ვუწოდებდი, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს კომისიიდან საკრებულოს სხდომაზე არ გადააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს ქალაქისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ახალი ინვესტიციების შემოსვლა. ამ საკითხებზე რუსთავის გუნდი მუშაობს თვეობით.

რუსთაველების ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა კოალიციამ თავისი მოვალეობის შესრულება ორი წლის თავზე მაინც დაიწყოს, იძულებული გავხდით, მიგვემართა სასამართლოსთვის. როცა ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელოვნურად ფერხდება, როდესაც რუსთაველების ინტერესები ილახება და ქალაქის განვითარებას გამიზნულად ეშლება ხელი, ვალდებულები ვართ, გამოვიყენოთ ყველა ის კანონიერი ბერკეტი, რომელიც კანონის ფარგლებში მოიყვანს და დააბრუნებს რუსთავის საკრებულოში მყოფ ორ პარტიას, რომლებიც ქალაქის წინააღმდეგ ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

მისი თქმით, სარჩელი რუსთავის სასამართლოში 27 ოქტომბერს შევიდა.