რუსთავის რაიონული პროკურორი არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლით ინტერესდება
საპროკურორო საბჭოს წევრი, რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე ბოლო ანგარიშის შემდეგ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლით ინტერესდება. ამის შესახებ მან საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
სირაძის თქმით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესამცირებლად და პრევენციისთვის პროკურატურა აქტიურად მუშაობს და დინამიკაში, ამ მუშაობის შედეგები საინტერესოა.
„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესამცირებლად აქტიურ მუშაობას, არა მხოლოდ დასჯის, არამედ პრევენციის კუთხითაც. საქართველოს ყველა რეგიონში ყველა რაიონული პროკურატურა საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში პროექტს ახორციელებს, სადაც ჩვენი პროკურორები საზოგადოების სხვადასხვა წევრებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს ხვდებიან. სხვადასხვა დანაშაულებთან მიმართებაში მათი ინფორმირება ხდება და ძალიან მაინტერესებს, ბოლო ანგარიშის შემდეგ დინამიკაში აღნიშნულმა პროექტმა რამდენად იმუშავა, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები რამდენად არის შემცირებული“, – განაცხადა კონსტანტინე სირაძემ.
მისი თქმით, მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს სხვა კითხვებს 2017 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დაუსვამს.
„შეკითხვები ანგარიშიდან გამომდინარე იქნება. 2017 წელი ჩვენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის წლად გამოვაცხადეთ და ყველა რეგიონში მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
სასიხარულოა ის, რომ მომართვიანობამ იმატა. ასევე, სხვა რიგი საკითხებია, რომელზეც ჩემი შეკითხვები მთავარი პროკურორის მიმართ კონკრეტულად ანგარიშის მოსმენის შემდეგ იქნება“, – განმარტა პროკურორმა.