რუსთავის „აზოტის“ ტერიტორიაზე ​კონდენსაციური ელექტროსადგური გაიხსნა [ფოტო]
რუსთავის „აზოტის“ ტერიტორიაზე ​კონდენსაციური ელექტროსადგური გაიხსნა [ფოტო]

რუსთავის „აზოტის“ ტერიტორიაზე ​კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს) გაიხსნა, რომელიც კომპანია „სიმენსის“ ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს მინისტრი, ასევე „სიმენსის“​ წარმომადგენლობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  პროექტი 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ელექტროსადგურის სიმძლავრეა 9,0 მგვტ. მათივე ინფორმაციით, კონდენსაციური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსდება SIEMENS SST-300-ის ორთქლის ერთი კონდენსაციური ტურბინა ნომინალური 9,0 მგვტ ელექტროსიმძლავრით.

ამასთან, პროექტის საერთო ჯამურმა ბიუჯეტმა 5,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტი სრულად დაფინანსდა სს „რუსთავის აზოტის“ საკუთარი სახსრებით.

სამინისტროს ცნობით, ორთქლის ტურბინის გენერატორი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს იმ ორთქლის მეშვეობით, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზევე გამოიყოფა და ამ დრომდე გამოუყენებლად იკარგებოდა. ამასთან, ელექტროსადგური უზრუნველყოფს სს „რუსთავის აზოტის“ წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20%-ს, რაც უნიკალურ საშუალებას იძლევა, კომპანიამ 20%-ით ნაკლები ელექტროენერგია საბითუმო ბაზარზე შეიძინოს.