იტალიაში, ელექტროსადგურზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება
იტალიაში, ელექტროსადგურზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება

იტალიაში ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

„ბიბისის“ ცნობით, ინციდენტი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ბოლონიის სიახლოვეს მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე მოხდა. წინასწარი ცნობით, აფეთქება სადგურის იმ ნაწილში მოხდა, რომელიც წყალქვეშ მდებარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მანამდე ობიექტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა. მათივე ცნობით, მაშველებს შემთხვევის ადგილამდე მისვლა უჭირთ.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ელექტროსადგურის ნაწილი კვამლით გაივსო, ნაწილი კი დატბორილია.

სადგურის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რჩებიან თანამშრომლები, რომელთა გამოყვანაც ვერ ხერხდება. დაზარალებულების ნაწილს მძიმე დამწვრობა აღენიშნებათ.

ელექტროსადგურის მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად ელექტროსადგურის კაშხალი არ დაზიანებულა, თუმცა სადგურის მუშაობა შეჩერებულია.