„რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობასთან მუშებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხზე მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა
„რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობასთან 7-საათიანი მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის წევრებმა, რომლებიც მედიატორის როლს ასრულებდნენ, გაფიცულებს უთხრეს, რომ მოლაპარაკებებში ჩართული აღარ იქნებიან და მათთან ერთად დაელოდებიან აზოტის ხელმძღვანელობის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილებას.
„საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო, დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოლაპარაკება ეხებოდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის სამუშაო პირობებს, რომელიც დღეს ვნახე და ადგილზე გავეცანი. გვინდოდა, მეტ კონკრეტულ საკითხზე ვყოფილიყავით კონცენტრირებული. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ამის მზაობა დღეს არ არის. მოსახლეობასთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც უკვე სამი დღეა, პროტესტს გამოხატავენ, დავრჩები იქამდე, ვიდრე კომპრომისი არ მოიძებნება და გადაწყვეტილებამდე არ მივალთ. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ყველა საკითხი იყო გაჟღერებული, ახლა ჯერი მათზე, „აზოტის“ ხელმძღვანელობაზეა. მათ უნდა გადადგან ნაბიჯი და კონკრეტული შეთავაზება გახდეს ცნობილი“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ.
„აზოტის“ ქარხნის წინ შეკრებილებს ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და განაცხადა, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა გეგმავს, ხელფასების მატების საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლებს კონკრეტული წინადადება ხვალ თავად გააცნოს.
„მართლაც ურთულესი საუბარი იყო. პირდაპირ გეტყვით, გვეუბნებიან, რომ იქნება მატება. აცხადებენ, რომ ხვალ ჩვენს თანამშრომლებთან კონკრეტულ პასუხს თავად გავაჟღერებთო. ასი ბროცენტით ვერ გეუბნებით, რომ მათგან მოსაწონი წინადადება იქნება. თქვენთან ერთად ველოდებით და ვფიქრობთ, პოზიციები დაახლოვდება. შესაძლებელია, გასაგები იყოს მათი პოზიცია, რომ თავიანთ თანამშრომლებთან მხოლოდ თავად უნდათ საუბარი. ამიტომ ჩვენ პრობლემას არ ვქმნით“, – აღნიშნა ალექსანდრე დალაქიშვილმა.
გაფიცულების განმარტებით, აქციები ხვალ დილიდან ისევ განახლდება. მათი მოთხოვნა კი უცვლელი რჩება.