„რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ გაფიცულ თანამშრომლებს გარკვეული შეთავაზებები წარუდგინა
„რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ გაფიცულ თანამშრომლებს გარკვეული შეთავაზებები წარუდგინა

„რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ გაფიცულ თანამშრომლებს გარკვეული შეთავაზებები წარუდგინა, რომელსაც ხელს აწერს საწარმოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ბურდილაძე.

ეს არის პირველი შეთავაზება, რომელიც დოკუმენტის სახით ადმინისტრაციამ ხუთი დღის წინ გაფიცულ თანამშრომლებს შესთავაზა.

„თანამშრომლებს, ვისი თვიური დარიცხული შრომითი ანაზღაურება არის არაუმეტეს 1 000 ლარისა, გაეზარდოს დარიცხული ხელფასი 250 ლარით; თანამშრომლებს, ვისი თვიური დარიცხული შრომითი ანაზღაურება არის​ 1 000 ლარსა და 1 500 ლარს შორის, გაეზარდოს დარიცხული ხელფასი 125 ლარით; ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, არ დაუკავოს გაფიცულ თანამშრომლებს გაფიცული დღეების განაცდური. ასევე, ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, უკლებლივ ყველა თანამშრომელს ჩაურიცხოს აღდგომასთან დაკავშირებული 50-ლარიანი წამახალისებელი პრემია“, – აღნიშნულია შეთავაზებაში.

ამასთან, შეთავაზებაში მითითებულია, რომ ეს პირობები იქნება ძალაში, თუკი საწარმოს გაშვება დღეიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, გაფიცულმა თანამშრომლებმა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით, საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო მსჯელობა, თუ რამდენად მისაღებია მათთვის ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილი წინადადებები.