საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია – ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სსფ-ის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კოლეგიალურობის პრინციპს ნერგავს, ასევე აძლიერებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმსა და საბჭოს წევრობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.
ამასთან, სავალუტო ფონდის მისია მიესალმება საქართველოს ეროვნული ბანკის განზრახვას, გადაწყვეტილებების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის საქმიანობაშიც დაინერგოს.
სსფ ასევე მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, მიიღონ ზომები ეროვნული ბანკის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობის მუდმივად შესანარჩუნებლად, რაც ფონდის მიერ ადრე გაცემულ რეკომენდაციებს შეესაბამება.
„ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლოხანს შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს. ეს ცვლილებები ნერგავენ კოლეგიალურობის პრინციპს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, აძლიერებენ სებ-ის საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმს და საბჭოს წევრობის კვალიფიკაციის კრიტერიუმებს. სსფ-ს მისია მიესალმება ეროვნული ბანკის განზრახვას გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს. ამასთან მოვუწოდებთ მიიღონ ზომები, რომ სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა მუდმივად იქნას შენარჩუნებული, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“, – ნათქვამია სსფ-ის მისიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტი 9-13 ნოემბერს გამართა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა და რეფორმების მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაფასა.