თამარ იოსელიანი – აუცილებელია ანაკლიის ნავსადგურის ინტეგრაცია ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან, რათა 2029 წლისთვის ნავსადგური სრულ ოპერირებაში შევიდეს
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ნავსადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, დერეფნის ტვირთნაკადების მომსახურებისთვის ნავსადგურის ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან ინტეგრაცია გადამწყვეტია.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგანაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და შესაბამისად აუცილებელია მისი ინტეგრაცია ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან, რაც მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური სრულ ოპერირებაში შევიდეს“, – აცხადებს თამარ იოსელიანი.
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. საქარტელოს რკინიგზის ცნობით, დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა. პროექტის განხორციელების გრაფიკი ითვალისწინებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მზადყოფნას 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ოპერირების დაწყებისთვის.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.