რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ „რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში დაშავებული ორი პირის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა 
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ „რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში დაშავებული ორი პირის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა 

„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც საავადმყოფოს „ემერჯენსის“ განყოფილების უფროსმა თეა გელაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაშავებულებს პირველადი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ. მისივე ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენს კლინიკაში ორი პაციენტია შემოყვანილი. ორივე მათგანი არის ტრავმული დაზიანებით, რისი მიზეზი გახლავთ სიმაღლიდან ვარდნა. მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო კვლევები. ერთ დაშავებულს აღენიშნება თავის არეში ჭრილობა, სხეულის ზედაპირული ტრავმები. მეორე დაზარალებულს ასევე ზედაპირული ტრავმები. ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ითვლება, როგორც საშუალო სიმძიმის. ყოვნდებიან „ემერჯენსის“ განყოფილებაში შემდგომი დაკვირვების მიზნით“, – განაცხადა თეა გელაშვილმა.

„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. დაშავებულებიდან ორს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და სახლში გაწერეს, კიდევ ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.