რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად დაშავებული 10 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად დაშავებული 10 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 წლის ბიჭი კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ რუსთავის საავადმყოფოდან იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც იაშვილის საავადმყოფოს რეანიმატოლოგი მარინა ფირცხალავა აცხადებს, ბავშვის ჯანმრთელების მდგომაროება მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის განმარტებით, კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის თანახმად, მოზარდს აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ძვლების მოტეხილობა და მარცხენა ფილტვის დაჟეჟილობა. ამჟამად მოზარდს მედიკამენტოზურ მკურნალობას უტარებენ და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია. მარინა ფირცხალავას თქმით, შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა ხვალ, განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.

„10 წლის ვაჟი შემოყვანილ იქნა კატასტროფის მედიცინის ბრიგადის მიერ. გადმოყვანილი იქნა რუსთავის კლინიკიდან, სადაც შეყვანილ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. იქ შესვლისას მდგომარეობა შეფასდა მძიმე. იყო კომატოზური მდგომარეობა, 6-7 ქულით შეაფასეს კომა. გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. იქვე ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოსტტრავმის რეჟიმში, სადაც აღინიშნა ფილტვის დაჟეჟილობა, უპირატესად მარცხენა ფილტვის დაჟეჟილობა და ასევე ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ძვლების მოტეხილობა. ამჟამად ბავშვის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, არის მართვით სუნთქვაზე, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დაზიანებები, რომელიც მას აქვს მიყენებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. მიდის კონსერვატული მკურნალობა. ხვალ დილისთვის გაკეთდება განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა გადაწყდება უკვე კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხის შემდგომ“, – განაცხადა მარინა ფირცხალავამ.

რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევას ცხრა წლის ბავშვი და შუა ხნის ქალი ემსხვერპლნენ. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის მოზარდი.