რუსთაველის გამზირზე ორი აქციის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან [ფოტო]
რუსთაველის გამზირზე ორი აქციის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან [ფოტო]

რუსთაველის გამზირზე ორი აქციის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი, რამდენიმე ორგანიზატორთან ერთად, პარლამენტის კიბეებთან არის განლაგებული.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ კი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დიმიტრი ლორქთიფაძემ. მისი თქმით, მიკროფონები გამოურთეს, ხოლო მეორე აქციაზე კვლავ გამოიყენება ხმის გამაძლიერებლები, ასე ჩართულია მუსიკა. ლორთქიფანიძემ სამართალდამცველებს მიმართა, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ასევე განაცხადა, რომ ადგილზე სტაციონარულ კარვებს მიიტანენ და დილიდან მხარდამჭერებიც შემოემატებიან. მისი თქმით, აქციის გაგრძელებას მანამდე აპირებენ, სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდებიან.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დილამდე არ დაიშლებიან, რადგან თუ დაიშლებიან, პარლამენტის წინ ადგილს მეორე აქციის მონაწილეები დაიკავებენ. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის ნაწილში, აიკრძალოს „თბილისი პრაიდის“ მსვლელობები და რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვის საშუალება არ მიეცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ორ კვირაზე მეტია, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მართავენ დემონსტრაციებს.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადადგომაა. აქციის მონაწილეთა თქმით, დემონსტრაციები აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება, ხოლო თუ პარლამენტის შენობის წინ აღარ მიეცემათ შეკრების შესაძლებლობა მეორე აქციის გამო, საკუთარ პროტესტს სხვა ადგილას, მათ შორის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გამოხატავენ, სადაც ახლა არიან შეკრებილნი.

ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.