რუსთაველის გამზირზე, გუშინდელი კონტრაქციის დროს დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა
რუსთაველის გამზირზე, გუშინდელი კონტრაქციის დროს დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა. მათ შორის არის აქტივისტი გიორგი გაბედავაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში კონტრაქციის 19 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ნაწილი მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გუშინდელი კონტრაქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლოს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
როდის იმსჯელებს სასამართლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეზე, კონკრეტული თარიღი უცნობია.
შეგახსენებთ, აქციები თბილისში, პარლამენტის წინ 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო. გუშინ კი რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, კონტრაქცია გაიმართა. ვითარება რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე დაიძაბა. უსაფრთხოებისა და ორი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მობილიზებული იყო პოლიცია და შესაბამისი სპეცტექნიკა. აქცია გვიან ღამით, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ დაიშალა.