რუსლან აბაშიძე - 14 აგვისტო ჩვენი საზოგადოების საერთო ტრაგედიაა, მჯერა, სამშვიდობო პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას, ჩვენი საზოგადოების კვლავ გამთლიანებას
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირების დაწყების თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„14 აგვისტო უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შესწირა თავი. განუზომელია მათი დამსახურება სამშობლოს წინაშე.
14 აგვისტო ჩვენი საზოგადოების საერთო ტრაგედიაა. აფხაზეთის ტერიტორიის „ეფექტურ კონტროლს“ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. წლების განმავლობაში, „ეფექტური კონტროლის“ განმახორციელებელი ძალა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საზოგადოებაზე ძალადობს. რუსული ოკუპაციის პირობებში, ყოველდღიურ რეალობადაა ქცეული ადამიანის უფლებების დარღვევები. აფხაზეთში მხოლოდ ეთნიკური ქართველების უფლებები კი არ ილახება, მიზანმიმართულად ტარდება საზოგადოების ასიმილაციის პოლიტიკაც.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომ ის ტრაგიკული მოვლენები ჩვენი საერთო მარცხია და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევძლებთ ერთმანეთთან მისასვლელი გზის პოვნას. ჩვენი საზოგადოება მტკიცედ დგას და მხარს უჭერს უალტერნატივო სამშვიდობო პოლიტიკას.
მჯერა, რომ სამშვიდობო პოლიტიკის მეშვეობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ დეოკუპაციას, ჩვენი საზოგადოების კვლავ გამთლიანებას, ქვეყნის გაერთიანებას და მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, – წერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე „ფეისბუქში“.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.