რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 37 ადამიანი, მათგან ორი ბავშვია.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს.
იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და პარტნიორებს მტკიცე გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, რუსეთის ტერორის შეჩერება შესაძლებელია და ის უნდა შეჩერდეს.
„საჭიროა პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილებები, რომ ჩვენ შევძლოთ რუსი ტერორისტებისა და რუსული საბრძოლო ავიაციის განადგურება იქ, სადაც ისინი არიან. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ადამიანების დაცვა სარაკეტო ტერორისგან რეალურია, კერძოდ, სასაზღვრო რაიონების ტერორისტების გამშვები დანადგარებისგან გაწმენდით. საჭიროა ბომბებისგან დაცვაც. საჭიროა ეს სიმტკიცე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: სახლი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მაღაზიები.