რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი ბლოგერი დააკავეს, რომელიც პუტინს ომში სტრატეგიის გამო აკრიტიკებდა
რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი, სამხედრო ბლოგერი იგორ გირკინი დააკავეს, რომელიც ამავდროულად პუტინის კრიტიკოსია. იგორ გირკინს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც იგორ სტრელკოვი, ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
სამხედრო ბლოგერი აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის წინააღმდეგ ომში სტრატეგიის გამო. მას ბრალი ექსტრემიზმში დასდეს.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სტრელკოვმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობაში. ის ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის მარიონეტულ არმიას აღმოსავლეთ უკრაინაში.
იგორ გირკინი იყო ერთ-ერთი იმ სამი ადამიანიდან, ვინც ნიდერლანდების სასამართლომ გასული წლის ნოემბერში დაუსწრებლად გაასამართლა მკვლელობისთვის და 2014 წელს სარაკეტო თავდასხმაში მონაწილეობისთვის, რომელმაც ჩამოაგდო მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი კონფლიქტის ზონაში. ავიაკატასროფას მაშინ 298 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე დღის წინ იგორ გირკინმა ვლადიმერ პუტინს არარაობა უწოდა, რომელიც „ადგილს ლაჩრულად იკავებს“.