რუსეთში აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომიტეტს ყველანაირი საფუძველი აქვს, პუტინის დაპატიმრების მუქარისთვის მაია სანდუს წინააღმდეგ საქმე აღძრას
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ჯაბაროვის განცხადებით, მათ შეუძლიათ, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან და მისი სახელი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანონ.
ჯაბაროვის თქმით, სანდუ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მუქარაში დაადანაშაულონ.
„როგორც ჩანს, რუმინეთის მოქალაქეს, ქალბატონ მაია სანდუს, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, გონებრივი პრობლემები აქვს. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს ყველანაირი საფუძველი აქვს, სანდუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების მუქარის ფაქტზე. იოცნებოს, რომ დიდებული რუსეთის მეთაური მის ქვეყანაში ჩავა, ქვეყანაში, რომლის ეკონომიკა და კეთილდღეობა სრულად მოსკოვზეა დამოკიდებული“, – წერს ჯაბაროვი.