მედიის ცნობით, რუსეთმა და ირანმა გააფორმეს სარკინიგზო შეთანხმება, რომელმაც ტვირთების გატარების კუთხით სუეცის არხს კონკურენცია უნდა გაუწიოს.
ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები დისტანციურად ესწრებოდნენ.
როგორც მედია წერს, ხელშეკრულების მიხედვით, დაფინანსდება ირანის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილის.
ახალმა სარკინიგზო ხაზმა ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს ინდოეთი, ირანი, აზერბაიჯანი და რუსეთი.
„ახალი დერეფნის გავლით კარგ ტრანსფერს მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა ექნება. მაგალითად, სანკტ-პეტერბურგიდან, ვთქვათ, მუმბაიში საქონლის მიწოდებას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. შედარებისთვის, ტრადიციული გზებით მიწოდებას დაახლოებით 45 დღე სჭირდება. აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ახალი გზა გამოყენებული იქნება სურსათისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიწოდებისთვის. მათ გამოიყენებენ ირანში, ასევე სპარსეთის ყურისა და აფრიკის ქვეყნებში. ასე რომ, ეს დერეფანი პრაქტიკულ წვლილს შეიტანს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პუტინს პროექტის მხარდაჭერისთვის.
„ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტი სასარგებლო იქნება რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ეს მარშრუტი კომერციული და ეკონომიკური დაახლოების გამოვლინებაა. უდავოდ, ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ნაბიჯია თეირანისა და მოსკოვის თანამშრომლობის მიმართულებით“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისიმ.