რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო გემებმა წყნარ ოკეანეში პირველი ერთობლივი პატრულირება განახორციელეს
რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო გემებმა წყნარ ოკეანეში პირველი ერთობლივი პატრულირება განახორციელეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდებმა ერთობლივი პატრულირება წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, 17-23 ოქტომბერს განახორციელეს.
სამინისტროს თქმით, პატრულირების მიზანი რუსეთისა და ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დემონსტრირება, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ორი ქვეყნის საზღვაო-ეკონომიკური საქმიანობის დაცვა იყო.
მოსკოვმა და პეკინმა ოქტომბრის დასაწყისში ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები იაპონიის ზღვაში ჩაატარეს. წვრთნების შემდეგ, რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო გემებისგან შემდგარმა ერთობლივმა ჯგუფმა ჰოკაიდოსა და ჰონსიუს კუნძულებს შორის მდებარე ცუგარუს სრუტის გამოყენებით წყნარ ოკეანეში გაცურეს.