რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს იწყებენ
რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს იწყებენ

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სწავლებები ინდოეთის ოკეანესა და ომანის ყურეში ჩატარდება და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სპეციალურად წვრთნებისთვის ჩინეთმა მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმტყორცნი გაგზავნა. სწავლებების მიზანი სამ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, წვრთნები საერთაშორისო სამართლის ნორმებში ჯდება და რეგიონში არსებულ სიტუაციას არ უკავშირდება.

რუსეთის, ჩინეთის და ირანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ერთიერთობის გამწვავების ფონზე იწყება. ამასთან ერთად, როგორც „როიტერი“ იუწყება, ომანის ყურე საკმაოდ სენსიტიური რეგიონია. ის ჰორმუზის სრუტის საშუალებით სპარსეთის ყურეს უკავშირდება. ამ მარშრუტით კი, ნავთობტანკერები გადაადგილდებიან. შესაბამისად, რეგიონი ნავთობით საერთაშორისო ვაჭრობის საკითხში საკვანძო ადგილია.