საქართველოს სანაპირო დაცვის ახალმა ხომალდებმა „დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ ნატო-ს ხომალდების ერთობლივ წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს სანაპირო დაცვის ახალმა ხომალდებმა „დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ ნატო-ს ხომალდების ერთობლივ წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლებებში მონაწილეობდა აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გადმოცემული ხომალდები – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხუთი ხომალდი – FGS RHEIN (გერმანია), TCG ERDEMLI (თურქეთის რესპუბლიკა), BRG STIBAR (ბულგარეთი), ROS DIMITRIE NICOLESCUE (რუმინეთი) და SPS TURIA (ესპანეთი).

აღსანიშნავია, რომ „დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ მსგავს სწავლებებში პირველად მიიღეს მონაწილეობა.

„საზღვაო წვრთნები მოიცავდა ნატო-ს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს, ძებნა-გადარჩენის სწავლებებსა და ყოფილი ნაღმსაშიში საზღვაო რაიონების შემოწმებას.

ერთობლივი სწავლებები ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. წვრთნები მიზნად ისახავდა საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი