რუსეთის ვიცე-პრემიერი - ვალდებული ვარ მეც ვიყო აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის „შავ სიაში“, რადგან მთელი მთავრობა ამ სიაშია
რუსეთის ვიცე-პრემიერი - ვალდებული ვარ მეც ვიყო აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის „შავ სიაში“, რადგან მთელი მთავრობა ამ სიაშია

რუსეთის ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი აცხადებს, რომ მისთვის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „შავ სიაში“ მოხვედრა მოულოდნელი არ ყოფილა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ნოვოსიბირსკში სამუშაო ვიზიტისას განუცხადა.

„როგორც მთავრობის წევრი, ვალდებული ვარ, მეც ვიყო ამ სიაში, რადგან მთელი მთავრობა სიაშია და ამაში არაფერია გასაკვირი. ეს არის იმ პირების სია, რომლებიც რუსულ პოლიტიკასა და ბიზნესში აშკარად მოწინავეები არიან. ეს არ არის სანქციების სია, ეს არის სია, რომელიც გამოყენებული იქნება მომდევნო შეფასებებისა და გადაწყვეტილებებისთვის. ჩვენ ვითარებაა თვალს მივადევნებთ და რეაგირების საჭიროებაზე ვიმსჯელებთ. ჯერჯერობით, რამე მოქმედებების საბაბი არ არის“, – განაცხადა დვორკოვიჩმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების „შავი სია“ გამოაქვეყნა. ნუსხაში ის პირები არიან ჩამოთვლილი, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.

სიაში სულ 210 პირია, მათ შორის 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი.

კერძოდ, ე.წ. „კრემლის ანგარიშში“ მოხვდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი.

ასევე პუტინის ადმინისტრაციის წევრები: პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის ფედერაციული საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი.

სანქციები ემუქრება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსს ალექსანდრ ბორტნიკოვს, ასევე „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მიულერსა და „როსნეფტის“ ხელმძღვანელს იგორ სეჩინს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს პირი დაკავშირებულია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან, თუმცა მათ წინააღმდეგ ჯერ არანაირი შეზღუდვები ძალაში არ შედის.
“კრემლის ანგარიში” აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს წარუდგინა.