რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ქართული ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვის გაუქმების პირობები დაასახელა
ქართული ავიაკომპანიებისთვის რუსეთში ფრენების აკრძალვა საჰაერო სანავიგაციო მომსახურების დავალიანების სრულ დაფარვამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რასია 24-ის“ ეთერში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა.
ამასთან, ტრანსპორტის სამინისტრო ქართული კომპანიებისგან, „ჯორჯიან ეარვეისისა“ და „მაი ვეი ეარლაინისგან“ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამის წარდგენას ითხოვს.
„ფრენების შეჩერება გაგრძელდება რუსული მხარისთვის კომპანიების „ჯორჯიან ეარვეისისა“ და „მაი ვეი ეარლაინის“ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამის, მათი აუდიტის წარდგენისა და რუსული მხარის მიერ მათი დადასტურების, ასევე ქართული მხარის მიერ საჰაერო სანავიგაციო მომსახურების სრული დაფარვის მომენტამდე“, – განაცხადა ვოლკოვმა.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა. რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია აჩერებს. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.