რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ვაგნერის“ მძიმე ტექნიკის რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემისთვის მზადება დაწყებულია
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაწყებულია მზადება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მძიმე ტექნიკის რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმება, ოჯახებში დაბრუნება ან ბელარუსში წასვლა შესთავაზა.
„ვისაც სურს, შეუძლია, ბელარუსში წავიდეს. ჩემ მიერ მოცემული დაპირება შესრულებული იქნება. ვიმეორებ, არჩევანი თითოეულ თქვენგანზეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება რუსეთის მეომრების არჩევანი, რომლებმაც გააცნობიერეს თავიანთი ტრაგიკული შეცდომა“, – განაცხადა პუტინმა გუშინდელი მიმართვისას.
თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ტელეგრამარხი იტყობინება, რომ „ვაგნერის“ დანაყოფები უკვე შევიდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე. არსებული ცნობებით, ბელარუსში უკვე იმყოფება თავად ევგენი პრიგოჟინიც.
„ვაგნერის“ დამფუძნებლის კერძო თვითმფრინავი დილით მინსკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე დაჯდა.