რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლის პორტის განაღმვა დასრულებულია და პორტმა ფუნქციონირება განაახლა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარიუპოლის პორტის განაღმვა მთლიანად დასრულებულია და პორტმა ფუნქციონირება განაახლა. ამის შესახებ თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
მისი ცნობით, პორტის განაღმვა და დემილიტარიზაცია დასრულებულია, აღმოჩენილია და გაუვნებელყოფილია 12 ათასზე მეტი ერთეული ფეთქებადსაშიში ნივთი და იარაღი.
ამავე დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მარიუპოლის პორტი ხუთმა უცხოურმა ხომალდმა დატოვა.
უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აზოვის ზღვის პირას მდებარე მარიუპოლი უკრაინაში სიდიდით მეხუთე პორტია.