რუსეთის სარაკეტო თავდასხმების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, შესაბამისი განკარგულება გაერო-ში უკრაინის ელჩს უკვე გადასცა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, საგანგებო შეხვედრის გამართვას რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემებზე განხორციელებული დღევანდელი სარაკეტო თავდასხმების გამო ითხოვს.
„მე დავავალე გაერო-ში ჩვენს ელჩს, მოითხოვოს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივი მოწვევა დღევანდელ რუსულ დარტყმებთან დაკავშირებით. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ტერორისტული აქტია. უკრაინა განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოებისგან მტკიცე რეაქციის მოთხოვნას ამ დანაშაულებზე“, – წერს პრეზიდენტი.
რუსულმა საავიაციო და საზღვაო ძალებმა 23 ნოემბერს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური თავდასხმები განახორციელეს.