მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დენი არ მიეწოდება მოლდოვის ნაწილსაც
მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დენი არ მიეწოდება მოლდოვის ნაწილსაც

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, კიევში კი წყლის მიწოდება შეწყდა.

მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ერთდროულად მიიტანა.

გავრცელებული ცნობით, რაკეტები უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მიფრინავს.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ერთდროულად ცხრა ერთეული „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი გაუშვა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ რუსეთმა რაკეტები ისროლა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა იგი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული მასშტაბური დაბომბვის გამო, მოლდოვის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ანდრეი სპინუმ დაადასტურა, რომ კიშინეუსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.